უილიამ შექსპირი 1564-1616 წწ WILLIAM SHAKESPEARE

სონეტები SONNETS

1
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს ყველა ქმნილება,
რომ სილამაზეს მარად შერჩეს ვარდის სურნელი,
მშობლის არსება მიიბარონ უნდა შვილებმა,
რომ მოაშუშოს დრომ იარა განუკურნელი.
შენ კი, როდესაც სილამაზით სახელს იმკვიდრებ,
მარადიულად შეგრჩეს გინდა თვალთა მშვენება,
ხრიოკ უდაბნოდ გიქცევია უხვი სიმდიდრე
და არ განაღვლებს შენი მოდგმის გადაშენება.
შენ მოგანიჭეს სილამაზე, ქვეყნად სამყოფი,
შენ ერთს მოგანდო გაზაფხულმა თავის მსგავსება,
რად არ გაღელვებს თუ კვირტშივე ხმება ნაყოფი,
სიტურფის სხივებს რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?

იყავ მოწყალე, შეიბრალე მთელი სამყარო,
სამარის მიწას სილამაზე არ მიაბარო.
2
როცა გეწვევა სიმძიმილი ორმოცი ზამთრის,
შემოგაჭკნება სილამაზეც ვარდის კონებად,
დროის სახნისი მაგ სახეზე სიტურფეს აგყრის
და ოქროსფერი სამოსელიც დაიკონკება.
მაშინ მოგთხოვენ დაბრუნებას, გაცემულ ვალებს:
"სად გაფლანგეო სილამაზე, გკითხავს დროება?
შენ შერცხვენილი დაანახებ გადამქრალ თვალებს
და ყოველივე ჩაგეთვლება ამაოებად.
და მაშინ, როცა, შენ არყოფნის ზღვარზე ეკიდე,
არ სჯობდა ასე, თავაწეულს, გეთქვა ნებისად?!
"აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მემკვიდრე,
პატიება და შეწყნარება მოხუცებისა.

და ეს იქნება განახლება, წარსულის თოში
დაილევა და სითბოს იგრძნობ მწუხარე დროში.
3
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავე ლანდსაც,
რომ მას კი არა, შენს მემკვიდრეს უფრო ენდობი,
რომ წუთისოფელს განახლება შეეძლოს მარად
და ვინმე ასულს არ მოაკლდეს განცდა დედობის.
უარს ვინ გეტყვის, რომ გაიჭრა მიწა ყამირი,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის ქალობას,
მაგრამ შენს სულში სიამაყე რეკავს ზარივით
და მკვდარ სამარედ გიქცევია შთამომავლობა.
შენ დედაშენის სარკე ხარ და მისი სახებაც,
თავის აპრილებს იგი უხმობს მაგ ნატიფ თმაში,
როს შენი შუბლიც ნაოჭებით დაიმარხება,
მომავლის სარკმელს გამოგიღებს მემკვიდრე მაშინ.

და თუ კენტად ხარ, არ განაღვლებს სხვები სრულებით,
შენს სიტურფესთან ერთად მარტო აღესრულები.
4
დროის ხელისგან მორთმეული დიდებულება,
ჩემო ძვირფასო, გასაფლანგი რატომ გგონია?!
მშვენიერებას სესხად გვაძლევს, მხოლოდ, ბუნება
და სიმდიდრისთვის ეს ვაჭრობა მოუგონია.
ლამაზო ძუნწო, აღარ გყოფნის ამის გონება,
რატომ გაფლანგე უსასრულოდ შენი მზეობა?
ჩემო ძვირფასო, რად აბანდებ სხვების ქონებას,
როცა სარგებელს არ იძლევა მევახშეობა?!
უსასრულობას რატომ უთმობ ტრფობის გვირგვინებს,
თავადვე გზარავს ყოველივე, დარდს მისარქმელი,
განკითხვის ჟამიც საბოლოოდ ჩამოიგრგვინებს
და იმ ჟამისთვის რა გექნება, ნეტავ, სათქმელი.

და თუ მომავლის აშენება აღარ ისურვე,
უჭირისუფლოდ დაგიჭკნება შენი სიტურფე.
5
ხანი გადის და მიჰყვებიან ერთურთს წამები,
დრო ათასნაირ სილამაზეს გვიხატავს მხოლოდ,
რადგან შემდეგვე ამ ყველაფერს ტანჯვა-წამებით,
როგორც ტირანმა, დაუნდობლად მოუღოს ბოლო.
მიერეკება ზამთრისაკენ ერთ დროს ვნებიან
ზაფხულის დღეებს უჩინარი მისი სახება,
უხვი ფოთლებიც უცილობლად განქარდებიან
და სილამაზე ყინულებში ჩაიმარხება.
და მხოლოდ მინის თხელ კედლებში გამომწყვდეული,
შე-ღა-მოგვრჩება ჩვენ ზაფხულის სუნთქვა პირველი,
ნიშნად იმისა, რომ დრო-ჟამით იქმნა ძლეული
და დრომ მოაზრო სილამაზე გასაკვირველი.

მოსპოს ზამთარმა ყველა ვარდი, ტრფობის მხლებელი,
ვარდის არსება არის მაინც ხელუხლებელი.
6
ნუ მისცემ ნებას მოღუშული ზამთრის სამანებს,
ტლანქი ხელებით რომ ჩაიკლან შენი ზაფხული,
განძად აქციე სილამაზე, თორემ განანებს,
საკუთარ თავსაც დაიღუპავს გადაზაფრული.
მევახშეობაც აკრძალული აღარ გვიანობს,
მითაჟამიდან უკან ითხოვს თავის ამაგებს,
შენც გევალება მომავალი გაიმზიანო,
ათჯერ გამრავლდი, სიხარულსაც გაიათმაგებ.
ხომ დამთავრება უსასრულო შენი წვალება?!
რადგან დაგიცავს ათჯერ მეტი წმინდა ძეობა
და წასვლის ჟამსაც რას დაგაკლებს გარდაცვალება,
თუ გეყოლება ფესვძლიერი მემკვიდრეობა.

და თუ ჯიუტი საბოლოოდ აღარ გატყდები,
შთამომავლობად დაგირჩება მიწის მატლები.
7
აჰა, ცისკარი მოიქარგა ოქროს ვარაყით,
ცის კაბადონზე მზის ელვარე შუქი ანთია,
დიდებულებას შემოჰყურებს ყველა თაყვანით,
მოკვდავთა მზერა ეგებება ციურ განთიადს.
როცა მნათობი შუბისტარზე სიამით გვათბობს,
"რას დამაკლებსო სვებედნიერს დროის მხეცები",
მოკვდავთა მზერა კვლავ შეჰყურებს ზეციურ ტატნობს,
მისი რონინი გვახალისებს გაათკეცებით.
მაგრამ ბნელში რომ ჩაეშვება ნაფერმკრთალები,
ნელი ბარბაცით მოშორდება ეული სისხამს,
სხვა მნათობისკენ გაგვექცევა ყველას თვალები,
მას ყიამეთი და-ცა-ფარავს მისხალ და მისხალ.

შენც იმ მზესავით უმემკვიდროდ გადაეგები,
დატოვე შვილი, გადაურჩე ჭკნობას ეგები.
18
შენი სადარი ვერ გახდება თვითონ ზაფხულიც,
ვერ ედარება შენს სიტურფეს მისი ბუნება,
ვარდობისთვეში ქარი ზარავს კვირტებს გაფურჩქვნილს,
ზაფხული გადის, ხანმოკლეა დიდებულება.
ხედავ,მზის სხივებს, კაბადონზე უხვად მოფენილს?
სილამაზესაც მზის შუქივით უდგას დიდება,
მაგრამ ყველაფერს გადაჩრდილავს წუთისოფელი,
მშვენიერებაც სწორედ ასე დაიბინდება.
მაგრამ არასდროს არ დაჭკნება ნაზი ფერები,
არ დამთავრდება არასოდეს შენი ზაფხული,
და საიდუმლო უნაზესი შენი მშვენების,
ჩემს ლექსს ექნება მარადისად შემონახული.

მარად იცოცხლებ ღვთაებაო, ამ სიტყვებს ენდე,
ჩემი ლექსები გაცოცხლებენ განკითხვის დღემდე.
30
როცა ფიქრები მომიხმობენ, გულის მდაღველი,
მომაგონდება სიჭაბუკის მწველი ვნებები,
ვიგონებ წუთებს, უძიროა ჩემი ნაღველი
და გულს მიკლავენ შორეული მოგონებები.
დამშრალ თვალებში მეპარება სისველე ნელა
და ტირის გული, ათასგვარი ჭირის მნახველი,
აღარ არიან მეგობრები, გამქრალან ყველა,
მიწამ წაიღო საფიცარი მათი სახელი.
და იმ კაეშანს, გულმოკლული, ისევ ვიგონებ,
გულდაკოდილი, ამ ფიქრებით,კვლავაც ვიურვი,
საფლავს წასულნი, ხელმეორედ,გამოვიგლოვე,
გამოვიგლოვე მეგობრობა მარადიული.

მაგრამ როდესაც შენი სახე მომეზმანება,
მე მავიწყდება წარსულ დღეთა ტანჯვა-წამება.
54
თვით სილამაზეც უფრო ტურფად გარდისახება,
რომ დამშვენდება ტრფიალებით განუკურნელი,
ხომ ყველას გვატკბობს მოკეკლუცე ვარდის სახება,
მაგრამ გვიზიდავს უფრო მეტად მისი სურნელი.
ასკილის მიმართ რად არა გვაქვს გძნობა ძლიერი?!
სილამაზე ხომ მასაცა აქვს შემონახული,
ვარდის სახებას მოგვაგონებს მისი იერი,
როცა კვირტებით ამოხეთქავს ნაზი ზაფხული.
მაგრამ ასკილი ბევრჯერ იყო დროის მხლებელი,
ისე მოისრა, არვის ახსოვს მისი სახელი,
ვარდს კი შემორჩა სურნელება მაცოცხლებელი,
მარადიული არსებობის გამომსახველი.

თუმცა სატრფოსაც მოხუცებამ ხელი დარია,
ჩემი ლექსები მისი ყოფნის საწინდარია.
65
თუკი მიწას და ოკეანეს პირქუშ ფერებად,
ერთ დროს დაჩრდილავს უნდობარი ჟამის წუთები,
ვინღა დაიცვას სიკვდილისგან მშვენიერება,
დროს რას დააკლებს სილამაზე ნასათუთები?
ასე ეცემა თვით სიტურფეც, სულში მწვდომელი,
ზაფხულის სუნთქვა ვერ აიტანს სასტიკ ბუნებას,
როცა ინგრევა ქარაფები მიუწვდომელი
და სილამაზეს თავს ატყდება უბედურება.
ფიქრო საზარო! არ ნელდება ჟამის სახმილი,
თავის მარგალიტს თავად ჟამი როგორ დანისლავს,
ვინ შეაჩეროს დროის დენა ბასრი მახვილით,
ან ვინ აკრძალოს ქვედამხობა სილამაზისა?

გადათელავენ ყოველივეს დღეთა წყებანი,
სატრფოს მშვენებას შეინახავს,მხოლოდ,მელანი.
66
ასე დაღლილი ამ ყველაფრით, სიკვდილსღა ვუხმობ,
რადგან ღირსება შეილახა ახლა სრულიად,
რადგან არარას ტანს უმშვენებს სამოსი უცხო,
რადგან რწმენა და სასოება შებღალულია.
რადგან უღირსთა განდიდება ხალხმა ინება,
რადგან უხეშად გათელილა ქალწულთა კდემა,
რადგან სიმართლის დაცვა ვერვის ხელეწიფება,
რადგან დიდება შერისხული უმწეოდ კვდება.
რადგან აჩლუნგებს ხელოვნებას ბრძანება მკაცრი,
რადგან უღირსი მიიჩნევა სწავლულად მხოლოდ,
რადგან სიმართლეს, დღეს, ამქვეყნად ვერ იცნობს კაცი,
რადგან სიკეთეს ბოროტებამ მოუღო ბოლო.

ასე დაღლილი ამ ყველაფრით, აღსასრულს ვნატრობ,
მაგრამ, ძვირფასო, ვერ დაგტოვებ ამ ქვეყნად მარტო.
73
შენ უკვე ჩემში წელიწადის ისეთ დროს ხედავ,
როდესაც ხეებს ეძარცვება ფოთოლთა ჯარი,
ბინდში მოისმის ნამწუხრევი ჩიტების სტვენა
და სიცივეა, ხეთა შორის დაგელავს ქარი.
შენ ჩემში ხედავ, წარსულ დღეებს, ბინდის მორევში,
მზის ჩასვენებას დასავლეთის მეწამულ ცაზე,
ქრება ნათელი,აღსასრულს ჰგავს წუთისოფელი,
ავად ჭრიალებს შუაღამე უსიერ გზაზე.
შენ ჩემში ხედავ ჩამქრალ კოცონს, ცეცხლისგან დამზრალს,
ასე ნელ-ნელა იშრიტება ჩემი კანდელი,
მე სასიკვდილო სარეცელის სუფევა მზარავს
და ნელა ქრება ნაპერწკალი უკანასკნელი.

რაც უფრო ამჩნევ ჩემს აღსასრულს უძირო ზღვაში,
ვით განწირული, უფრო მეტად გიყვარვარ მაშინ.
77
სარკე გაჩვენებს წარმავალი დროის ცვალებას,
გარდასულ წუთებს მოგაგონებს დროის ისარი,
მაგრამ თეთრ ქაღალდს თუ გაანდე შენი არსება,
მთელ შენს ცხოვრებას ვერ დაფარავს კუბოს ფიცარი.
სარკეში ნახავ, რომ სიტურფე წლებმა გათიბეს,
როცა სახეზე ნაოჭები უკვე იგრძნობა,
ისარი გეტყვის, რომ ცხოვრების მთელ სინატიფეს
დაუნანებლად მიიბარებს მარადისობა.
თოვლისფერ ქაღალდს თუ გაანდობ დღეებს გარდასულს,
სანამ ხსოვნის და მოგონების შეგწევს უნარი,
ხელნაწერები დაგიბრუნებს შვილებს დაკარგულს,
რომ ცხოვრებასთან იყო მარად გაუმტყუნარი.

მაშინ სამყარო ხსოვნის წიგნად გადაგეშლება,
სადაც სტრიქონი შეინახავს წარსულ მშვენებას.
90
თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს დააპირე,
როდესაც ზაკვით წინ აღმიდგა მთელი ცხოვრება,
ამ ღალატისგან თავს იოლად გავინაპირებ
და სიძულვილი, ალბათ, არც კი მემახსოვრება.
და თუ ოდესმე დავამარცხე ტანჯვა-წვალება,
აღარ მოხვიდე, არ დამტანჯო შენი ვარამით,
ქარიან ღამეს წვიმა ნუღარ შეენაცვლება,
ახლა მომიზღე სიძულვილი დაუფარავი.
ბოლო წუთისთვის ნუ გადადებ ტანჯვას გამხელილს,
ამ სოფლის წვრილმან საქმეებში რომ არ ჩავება,
დღესვე მივიღო უმკაცრესი ჩემი სასჯელი,
დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა განგებამ.

თუკი ჩემ გვერდით არ იქნება შენი მშვენება,
ყველა ტკივილი უმნიშვნელოდ მომეჩვენება.
104
ჩემთვის, ძვირფასო, ახალგაზრდად დარჩები მარად,
დღესაც იგივე სიტურფე გაქვს შემონახული,
გავიდნენ წლები, სამი ზამთრის სუსხმა და ქარმა
სამჯერ დააზრო სილამაზე სამი ზაფხულის.
სამი აპრილის სურნელებას სამჯერ თიბავდნენ,
სიტურფეს სამჯერ მოუწია გადაშენება,
სამი აპრილი ამობუგა სამმა თიბათვემ,
დაჭკნა ყოველი,არ დამჭკნარა შენი მშვენება.
კედლის საათზე მიყოლებით ქრება წამები,
მშვენიერება დროს იპარავს და ვერვინ ამჩნევს,
ვერც მე შეგამჩნევ ამ ცვლილებებს,თუკი წამებით,
დრო ულმობელი შენს სახეზე ღარებს დააჩენს.

თითქოს ასაკი არ იცვლება დრო-ჟამის დენით,
შენს გაჩენამდე აღესრულა სიტურფე შენი.
115
თურმე ვიცრუე, როცა ლექსით გეცი თაყვანი,
ამაზე წრფელი სად არის_თქო ტრფიალის სვეტი,
არც გრძნობა მქონდა გულისგულში შემოსაყვანი
და სიყვარულიც არ მეგონა ამაზე მეტი.
მაგრამ ყველაფერს დროის ხელი ადევს ხუნდებად,
უწინ ამ,გვარად არ ვუწყოდი, ახლა კი ვიცი,
ერთ დროს მეფეთა ბრძანებებიც გამოხუნდება
და დაირღვევა არაერთი აღთქმა და ფიცი.
ვაგლახ! მაფრთხობდა წუთისოფლის სიავე კვალად,
ვერ გიბედავდი თქმას: "მიყვარხარ ახლა ძალიან",
მე დღევანდელი სიყვარული მაძლევდა ძალას
და მომავალზე არასოდეს არ მინაღვლია.

ბალღი ყოფილა სიყვარული, ჩვენი ნუგეში,
რად არ ვაცალე, გაზრდილიყო გულის უბეში.
146
სულო საბრალოვ! გაცამტვერდა შენი ტაძარი,
ქვედამხობილი აწი ვიღას მიეკედლები,
აღარ განაღვლებს საკუთარი ნამოღვაწარი,
ცოდვილს ათასფრად მოგიხატავს გარე კედლები.
წარმავალია ქვეყნიური ყველა პატივი,
ეგ სამყოფელიც ვერ გახდება ქვეყნად დიადი,
მხოლოდღა ჭიებს მიიზიდავს ანდამატივით
და შენს სხეულსაც საუკუნოდ დანთქავს წყვდიადი.
იდიდე სულო! ზეციური გერგოს დიდება
და დაიმონე მიწიერი, უღვთო, კრებული,
მთელი სიმდიდრე, ღვთაებრივი, შენი იქნება,
ხორციელ ტკბობას თუ არ იქმენ დახარბებული.

მარადიულად მოიპოვე თავისუფლება,
სძლიე სიკვდილს და უარყავი მისი სუფევა.

No comments:

Post a Comment