ჯორჯ გორდონ ბაირონი 1788-1824წწ GEORGE GORDON BYRON

მოგონება

მორჩა სიზმარი! ბედისწერამ ასე ინება,
მომავლის შუქი ჩემს გზას აღარ მოეფინება,
ის სასოება, გრძნობები და წელთა დინება
ზამთრის ქარბუქმა უშენობის დარდით შებურა
და დილის სხივიც არ ციაგებს უწინდებურად.
გემშვიდობები სიყვარულო, ჩემო იმედო!
ნეტავ შემეძლოს, მოგონებავ, შენც გაგიმეტო!


* * *
(ნაწყვეტი "ჩაილდ-ჰაროლდიდან")

რამდენი წუთი უნდა გავიდეს,
უნდა გავიდეს წამი რამდენი,
მე კვლავ ვიხილავ ზღვათა ნაპირებს,
მაგრამ სამშობლოს ვერ გადავწვდები.
ვეღარ ვიხილავ მშობლიურ ველებს,
სასახლე ჩემი შთენია ობლად,
ხავსი ედება დარბაზის კედლებს
და ჩემი ძაღლი ყეფს საწყალობლად.



დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი

დანაცრებულა გრძნობა ფარული,
გულში წაშლილა წარსულის კვალიც,
არვის ვუყვარვარ, თუმც, სიყვარულით,
მწვავს ტრფობის ალი!

ჩემი დღეები ქარმა წარხვეტა
და ფოთოლივით გრიგალი მათრთობს,
საფლავის ჭია და მწუხარება,
შემომრჩა მარტო!

გულს მარადისი ცეცხლი მინთია,
ასე ვულკანიც გიზგიზებს მიწყივ,
ერთი სანთელიც ვერ ამინთია
და ისე ვიწვი.

იმედი, შიში მომავალ წლების,
წარსულთან ერთად დავასამარე,
ვერ ვუნაწილებ სიყვარულს ვერვის,
მელის სამარე.

ო, სულო ჩემო, აღსდექი ბრძოლით,
ყვავილი ავსებს გმირების საფლავს
და მებრძოლს, ომის დიდებით მოსილს,
ადგამენ დაფნას!

ჰა,აელვარდა ომის მახვილი,
ბრძოლის ქარცეცხლმა ელადას უხმო
და ვით სპარტელი, ფარზე დახრილი,
მეც ვდგავარ უხმოდ.

აღსდექი სულო!შ ენ აქ იწრთობი,
გახსოვს, აქ შენი სისხლი ღელავდა?
წასვლის ჟამია, დროა გმირობის,
გელის ელადა!

და ნუ აჰყვები უაზრო ღელვებს,
ნუღარ იქნები ვნებებით მთვრალი,
დაცხრი! უღირსო! ნუ აგაღელვებს,
ღიმილი ქალის.

ნუღარ მისტირი ყმაწვილურ სულთქმას,
ჰა, იშრიტება შენი კანდელი,
შეგაცივდება ბაგეზე სუნთქვა
უკანასკნელი.

და ,ასე ,წარსულს ნუღარ იხსენებ,
მხოლოდ სიმშვიდე ეძიე ტკბილი,
დაცხრი! დაწყნარდი! და განისვენე,
მარადის ძილით.



No comments:

Post a Comment