ჯალალ ედ-დინ რუმი 1207 - 1273 წწ مولانا جلال الدین محمد رومی

რობაიები

#19

მთვლემარე თვალით, მეუფეო, ჩემი სახება,
ვერსახილველი ვერც ვერასდროს დაგენახვება,
თვალი მომაპყარ უსაშველო ღამის წყვდიადში
და ჩემი სახე განთიადზე შენც გეახლება.

#1275


ბევრჯერ შევნამე დილის ცვარით ველი თუ ქედი,
გთხოვ, მაპატიე თუკი ზეცაც ავავსე სევდით,
შენ ჩემი სული გამხდარხარ და მოგყვები უკან,
შემინდე, შენს სულს სული შენი კვალში რომ ვდევდი.


#1992
მსურს ერთი კოცნა, შენ კი ექვსის მომეცი ნება,
თურმე შეგირდი ერთ დროს სხვისი ოსტატი ხდება,
რადგან სიკეთეს შენ დაუდე ქვეყნად სათავე,
საწუთროს ბევრჯერ მოევლინა ლხენა და შვება.

#227

მაწვიმს და მასხამს და თავდახსნას ამაოდ ვლამობ, როგორც ნატიფი კაცის გრძნობა, წვეთია ამო, ფრთენი გაშალა უკვე გედმა, თქეში მასველებს, მის უკვდავ ძალას ვერ ვშორდები, ტრფიალის გამო.

ყაზალები

#593

სჯობს განვაძევო მკერდიდან სევდა,
ჩემთან წუხილის მგმობელი მოდის,
გადაკარგული იყოს თვით გული,
რადგან დღეს გულთამპყრობელი მოდის.
არ ვეტყვი სატრფოს: "შენ ხარ სიამე,
შენკენ მოილტვის ტრფობის დინება",
რადგან ჩემს გულსაც შეერცხვინება,
როცა სიტურფის მფლობელი მოდის.
მუსლიმანებო, მუსლიმანებო,
რჯული გიზიდავთ ანდამატივით,
დღეს ურწმუნობაც სატრფოს პატივით,
ვითარცა რწმენის მშობელი მოდის.
წა, მოწყალებავ! წამებს გაუსწარ!
საზღვარს სცილდება შვება და ლხენა,
არა ვიწამო ამდენი თმენა,
თუმც, თმენაც როგორც მგრძნობელი მოდის.
გადაიკარგოს რაც იყო ძველი,
დროში ჩაკორძილს ჟამი გათიბავს,
ახალი დროშა მოდის ნატიფად,
ახალი დროშის მცნობელი მოდის.
შენი კავები თითქოს გაკაფეს
და ვერ აკავებს ამ მკერდს კარები,
როდესაც გრძნობა ვერსაკარები-
ტრფიალის შემამკობელი მოდის.

No comments:

Post a Comment