ფიქრები "ვეფხისტყაოსანზე"

"ვეფხისტყაოსანი" ისეთი ქართული ნაწარმოებია, საიდანაც ერთიანად მოიხილება აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და მაინც იგი წმინდა ეროვნული ხასიათისაა"-ეს მორის ბაურაა, მე-20 საუკუნის ცნობილი ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე.
"ვეფხისტყაოსანი" სიბრძნის წიგნია, რელიგიური და საღვთისმეტყველო ალეგორიზმებით სავსე, მიუხედავად იმისა, რომ რუსთველოლოგიას ათწლეულების მანძილზე ამისთვის ჯეროვანი ყურადღება არც მიუქცევია და ბევრი მეცნიერი იმ აზრს სავსებით ეწინააღმდეგებოდა, რომ რუსთველის პოემაში რელიგიური ასპექტები არსებობდა.
ცნობილია, რომ სამღვდელოება შუასაუკუნეებში არ ცნობდა "ვეფხისტყაოსანს". თუმცა თვით საზოგადოების ამ ფენასაც არ ესმოდა იმ ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო ალეგორიების მნიშვნელობა(მაგ:წმ.გიორგის კულტი),რომელთა შესახებ ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
საყოველთაოდ ცნობილია, კათალიკოს ანტონ პირველის სიტყვები შოთაზე: "შოთა ბრძენ იყო, სიბრძნისმოყვარე ფრიად, ფილოსოფოსი,მეტყველი სპარსთა ენის, თუ სამ სწადოდა-ღმრთისმეტყველიცა მაღალ, უცხო, საკვირველ,პიიტიკოს-მესტიხე, მაგრა ამაოდ დაჰშვრა, საწუხ არს ესე".ჩვენი აზრით ,ეს სიტყვები სულაც არ გამოხატავს სამღვდელოების გადაჭარბებულად უარყოფით დამოკიდებულებას რუსთველის პერსონისადმი ,როგორც ეს აღნიშნა თავის ერთ-ერთ წერილში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.მისი უწმინდესობა სამართლიანად აღნიშნავს, რომ ანტონ კათალიკოსის სიტყვები მხოლოდ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოთა დიდი ღვთისმეტყველი ვერ გახდა, რადგან, მას ეს კიდეც ხელეწიფებოდა.ჩვენი აზრით, აქ მოცემულია კათალიკოსის, როგორც, სასულიერო პირის ღრმა სინანული და მწუხარება, იმის გამო, რომ, რუსთველი მხოლოდ საერო ცხოვრებით შემოიფარგლა,რაც "საწუხ არს".
ისევ დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს.იმაზე თუ, როგორ ნაწარმოებად თვლიდნენ "ვეფხისტყაოსანს"ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, წარმოდგენას გვიქმნის დავით გურამიშვილის სტრიქონები:
"ოდესაც ბრძენმან რიტორმან, შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა,
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი, მე სხვისი ვერ ვნახეო და".
ამ სიტყვებით, დავით გურამიშვილი იცავს "ვეფხისტყაოსნის" ალეგორიული ინტერპრეტაციის იდეას."ფესვ ღრმა-ჰყო", ე.ი.აქ დაფარული მოძღვრება იგულისხმება, თუმცა, სამწუხაროდ,ამ დასკვნამდე რუსთველოლოგია,თვით მე-20 საუკუნეშიც ძლივს მივიდა,როცა პირველად ჯერ ნიკო მარმა მიუთითა "ვეფხისტყაოსანში" ქალის კულტის არსებობაზე,შემდეგ კი ჩვენი სასიქადულო მეცნიერი, აკად.კორნელი კეკელიძე ალაპარაკდა იდეების ალეგორიულ ინტერპრეტაციაზე.რევაზ სირაძე, თავის ნაშრომში "სახისმეტყველება" გაკვრით მიანიშნებდა წმინდა გიორგის კულტის ნიშნებზე "ვეფხისტყაოსანში",ბოლოს კი, 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია- "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება" ,სადაც კონკრეტულად გვიჩვენა რუსთველის იგავმიუწვდომელი სამყაროს რელიგიურ-მითოსურ-ალეგორიული ინტერპრეტირება.

დავიწყოთ იმით, რომ "ვეფხისტყაოსანში" აისახა შუასაუკუნეებრივი ქალის კულტი, რაც კონკრეტულად თამარ მეფის სახით არსებობდა საქართველოში.ისე, რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე დავსძენთ, რომ ქალის კულტის ესოდენი პოპულარიზაციის შესახებ კად.კორნელი კეკელიძე მიუთითებდა: "ყველაფერი ეს შესაძლებელი და მოსალოდნელი იყო მომხდარიყო იმდროინდელ საქართველოში, სადაც ქალში ხედავდნენ არა "ბოროტის საწყისს ევას", არამედ "ბოროტის დამთრგუნველს, იესოს დედას".
ქრისტიანულ თეოლოგიაში,სამების "ღმერთმამაკაცებრივი" ასპექტი ვლინდება ღვთის მეორე ჰიპოსტასში, ლოგოსში, ძეში,ხ ოლო დედობრივი,ფემინური ასპექტი ვლინდება მესამე ჰიპოსტასში, სულიწმინდაში,რომელთანაც დაკავშირებულია ქალწულ მარიამის, ქალწულ სოფიას (საღვთო სიბრძნის) კულტი. (იხ:გამსახურდია."ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება".გვ.64).
ტრადიცია სულიწმინდის ფემინური ბუნების შესახებ განსაკუთრებით გავრცელდა კაბადოკიელი მამის, გრიგოლ ნოსელის მოძღვრებაში. (იხ.გამსახურდია.იქვე.) .სულიწმინდა იძენს პარაკლეტის ,ნუგეშინისმცემლის "ფუნქციას", მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა აგრეთვე არის თხოვნა, აჯა. ამავე დროს არის დამსჯელიც ,განმწმედელიც და მლხენილიც. (შდრ.რუსთველის "სულთა ლხენა").
რაც შეეხება ქალწულ სოფიას,როგორც სულიწმინდისა და ღვთისმშობლის სიმბოლო,ის აქტუალობას ჯერ კიდევ ბიზანტიიდან იღებს,ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში.მეოთხე საუკუნეშიკონსტანტოპოლში შენდება აია-სოფიას ტაძარი.
     სულიწმინდა პარაკლეტზე იქმნებოდა საღვთისმეტყველო ნაწარმოებები.საქართველოში მთავარი ასეთი ნაწარმოები იყო ჩახრუხაძის "თამარიანი", რომლის მიხედვითაც,  თამარ მეფე,სულიწმინდის მიწიერ ინკარნაციას წარმოადგენს და რომელსაც კაცობრიობის ხსნა აკისრია.
როგორც ნიკო მარი მიუთითებდა,თამარი ქართველი ხალხის სათაყვანო, ეროვნული ღვთაება იყო ,რასაც ადასტურებს იმდროინდელი ქართული მითოსიც.
ქალის კულტში რელიგიურ ხასიათს რუსთველოლოგთა ერთი ნაწილი უარყოფდა (მაგ:ალ.ბარამიძე.ვ.ნოზაძე).მეორე ნაწილი კი დაჟინებით ამტკიცებდა მის რელიგიურობას(ნ.მარი.კ.კეკელიძე.ზ.გამსახურდია)
გავიხსენოთ, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" როგორ აღწერს თამარის მემკვიდრის ლაშა გიორგის შობას.აქ თამარი პირდაპირ ღვთისმშობელსაა შედარებული, ხოლო ლაშას დაბადება-მაცხოვრის შობას.
ამდენად, სავარაუდოა,რომ მე-12 საუკუნის საქართველოში არსებობდა ფარული საღვთისმეტყველო მოძღვრება, რომლის მიხედვითაც,თამარ მეფე იყო ინკარნაცია ღვთის ერთ-ერთი ჰიპოსტასისა.(გამსახურდია."ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება".გვ.117.) ცხადია, ასეთ შემთხვევაში რუსთველიც თამარ მეფეს ღმერთად აღიარებდა,სიტყვის პირდაპირი გაგებით!ამაზე მეტყველებს "ვეფხისტყაოსნის" პროლოგის მე-10 სტროფი:
"თვალთა ,მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა,
სამთა ფერთა საქებელთა ჰლამის, ლექსთა უნდა ვლენა."
ამ სტროფის გაშიფვრისას უნდა გავიხსენოთ ბიბლიის ცენტრალური მითი,ცოდვითდაცემის შესახებ.როგორც ცნობილია, ადამსა და ევას სამოთხისეულ ნეტარებაში ღმერთთან სიახლოვის განცდა ჰქონდათ, ხოლო აკრძალული ხილის ჭამის შემდეგ, ისინი სამოთხიდან განიდევნენ.მათ ენატრებოდათ სამოთხისეული განცდის დაბრუნება.
ცხადია, ადამიანებიც მიელტვიან დაკარგულ სამოთხეს და მათ "უნათლო" თვალებს ენატრებათ "ახლად ჩენა" თამარისა, რომელიც ამავდროულად ღვთის ინკარნაციაა რუსთველისთვის.
რუსთველი პროლოგშივე აღნიშნავს,რომ შაირობას მხოლოდ რელიგიური ხასიათი უნდა ჰქონდეს,გზა სულის ხსნისა.
"შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღვთო, საღვთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი".
"მარგი" შეიძლება იყოს მხოლოდ სულის ხსნისთვის.
მწერალი ნოდარ დუმბაძე "ვეფხისტყაოსნის" პროლოგს გვიანდელ ჩამატებულად თვლიდა, მას შემდეგ რაც,მისი სიტყვებით,რუსთველი თითქოს თავისი პოემის გამო განკიცხულ იქმნა სამეფო კარიდან.რადგან მასში თამარი ერთხელადაც არ იყო მოხსენიებული.
განსვენებული მწერლისადმი დიდი მოწიწების მიუხედავად, ჩვენ გაგვიჭირდება ამ აზრის გაზიარება.
ამდენად,ჩვენი აზრით,"ვეფხისტყაოსანი" წარმოადგენს ალეგორიულ ნაწარმოებს,რომელიც ღრმა ურთიერთკავშირშია თამარის განმრღთობასთან და მის პარაკლეტად მოაზრებასთან.რუსთველის უკვდავ პოემას კვებავდა შუასაუკუნეებრივი ქრისტიანული თეოლოგია და მან ავტორის სულიერ ქურაში გამოწრთობის შემდეგ გენიალური ასახვა პოვა "ვეფხისტყაოსანში"
P.S.რაც შეეხება წმ.გიორგის კულტს და სხვა რელიგიურ ასპექტებს "ვეფხისტყაოსანში" ,მასზე დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებთ.

გიორგი ხულორდავა. 2013წ. 2.აგვისტო.

No comments:

Post a Comment