იდუმალება არვინ უწყის, იმ ერთის გარდა,
ვერ ვგებულობთ და ვერც ვკითხულობთ მის სიტყვებს მარდად,
ჩვენ ფარდის მიღმა ვსაუბრობთ და ვშვრებით ამაოდ,
აღარ ვიქნებით, მაშინ, როცა ახსნიან ფარდას.
2
როცა ტიტას ესტუმრება გაზაფხულის ნამი,
ადექ, სადმე ღვინით სავსე მოიძიე ჯამი,
დღეს ეს მდელო რომ გათელე, ის ბალახი ხვალე,
შენს საფლავზე აიშლება, ძველი სითამამით.
3
ხაიამ, თუკი ღვინით თვრები, იხარე მარად,
თუკი გეხვევა სატრფოს თმები, იხარე მარად,
რადგან ქვეყანა გადიქცევა არარაობად,
ისიც რაობად ჩათვალე და იხარე მარად.
4
საწუთროს მგზავრო!ჯერ შენი გზა კიდევ ვრცელია,
მაგრამ დროს ბევრი ჩვენთაგანი გაუცელია,
ფრთხილად, ძმობილო!მოილიე ყოველი საქმე,
რადგან ამ ქვეყნად დაბრუნება ძლიერ ძნელია.
5
მხოლოდ ვაება, სიმძიმილი, ოხვრა და სევდა,
შვება ცოტაა, ბედისწერა კვალდაკვალ მდევდა,
მადლობა უფალს, არასოდეს სნება და ჭმუნვა
არ უთხოვიათ არავისთვის ბაგეთა ჩემთა
6
ჩვენ ვართ ღვინო და მუტრიბი, ლხინი დღემდე გვიქია,
სული, გული ღვინოს ნატრობს, წლები როგორ მიქრიან,
არც იმედი გაგვაჩნია, არც კაეშნის ფიქრია,
არც წყალი და არც ცეცხლი და არცერთი სტიქია.
7
მეძინა, ჩემს გულს ათასგვარი ტკივილი ება, ბრძენმა თქვა: "ამ ძილს, როდის იყო, მოჰქონდა შვება, მაინც გაგვცელავს ჟამთასრბოლა დაუნანებლად, დალიე ღვინო, ხვალ მიწაში მოგვიწევს გდება.
8
No comments:
Post a Comment