უბრალო კახპას
დაწყნარდი, კდემამოსილება განიძარცვე - მე ვარ უოლტ უიტმენი,
ბუნებასავით უხვი და ვნებიანი,
და ვიდრე მზის სხივები არ უარგყოფენ, არც მე უარგყოფ
და ვიდრე წყალი მოედინება შენთვის და ფოთლები
ამოდ შრიალებენ, ჩემი სიტყვებიც არ მოიშლიან შენკენ დინებას და ამოდ შრიალს შენი ყურისთვის.
ჩემო გოგონა, მე გინიშნავ შეხვედრას
და გავალებ: ღირსეულად მოემზადო
ჩემს დასახვედრად,
იყავი სრულყოფილი და მომთმენი ჩემს მოსვლამდე.
ახლა კი,
ჩემი ნაცნობი მზერით, დიდხანს გესალმები,
რომ სრულიად არ გადაგავიწყდე.
ღმერთები
ო, ზეციურო სიყვარულო და ამხანაგო,
დღენიადაგ რომ ელოდები განხვნას ზეკარის,
ხარ კმაყოფილი, უჩინარი და ჭეშმარიტი,
იყავი ჩემი მფარველი ღმერთი.
შენ გევედრები, ღვთაებრივო ადამიანო,
გულით სპეტაკო, ყოვლისშემძლევ და მშვენიერო,
შენი სასრული სხეულით და უვრცესი სულით
იყავი ჩემი მფარველი ღმერთი.
ჰოი, სიკვდილო(ამ ცხოვრებით შენ გემსახურე)
შენ,დამლეწავო კარიბჭეთა,ზეცის მეკარევ,
იყავი ჩემი მფარველი ღმერთი.
შენ, უმაღლესო იდეალო, გიცნობ და მწამხარ,
(დე,დაილეწოს ყველა ზღუდე და დაბრკოლება,
შენკენ მოვილტვი, ჰოი, სულო თავისუფალო)
იყავი ჩემი მფარველი ღმერთი.
ო, იდეებო და რასების დიდო სამიზნევ,
ჰოი, გმირებო, ო, შვილებო ენთუზიასტთა,
დაე, იყავით ჩემი ღმერთები.
ჰოი, დრო-ჟამო, ჰოი, სივრცევ,
მიწის აკვანო,
ვიღაც უცნობის ანარეკლო, ასე რომ გეტრფი,
ჰოი, მზის გარსო ,ვარსკვლავეთის ღამის ჩქერალო,
დაე, იყავით ჩემი ღმერთები.
მას, ვინც ჯვარზე ევნო
ძვირფასო ძმაო, სული ჩემი შენსას შერწყმია,
რამდენი გიხმობს, მაგრამ შენი რა ცოტას ესმის,
მე არ გეძახი, მაგრამ გიცნობ, ვიცი ვინა ხარ,
სიხარული და შვება გქვია, რასაც განვიცდი
შენი და ყველა შენიანის ერთად ხილვისას.
ეს ჩვენ ვართ მხოლოდ, რომ გვეხება ყოველი მარცხი,
ეს ჩვენ მოვსულვართ სხვა დროიდან, სხვა ქვეყნებიდან.
ეს ჩვენ ვასრულებთ კონტინენტებს, რასებს და კასტებს,
ღვთისმეტყველებაც ჩვენგან მოდის და კაცთა შველაც.
ჩვენ ხომ ყოველი კამათის დროს ვდუმვართ ჯიუტად
და მაინც ეჭვით გვიყურებენ,გვლანძღავენ პირში,
ო,ა მხანაგო, მოგვაქციონ ლამის მახეში,
მაგრამ ახლოა ეს ნანატრი თავისუფლება,
დროსაც დავატყობთ ჩვენს რაობას, რათა ყველანი,
ყველა რასის თუ ერის შვილი ჩვენი ძმა გახდეს
და უსასრულოდ შევიყვაროთ ერთიმეორე.
* * *
ჰეი, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!
მგზავრობა დასრულდა, ხიფათით აღსავსე,
ჩაცხრა ქარიშხალი, ურჩი, საშიშარი,
გაუძლო ხომალდმა ათასგვარ განსაცდელს.
ახლოა ნაპირი, მოისმის ზარები
და აჰა, ჩაჰბერეს ბუკსა და ნაღარას,
ხომალდის მტკიცე ქიმს აწყდება თვალები,
სული გამარჯვების სიმღერამ დაღარა.
მაგრამ გული, სისხლდაცლილი გული,
გაჩერდება სადაცაა გემი,
ბაგეცივი, თეთრი, გაყინული
წევს გემბანზე კაპიტანი ჩემი.
ჰეი, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!
ხომ გესმის ზარების მხურვალე სალამი,
აღსდექ და შეხედე, ნაპირზე,ამაყად
ფრიალებს დღეს ჩვენი დიდების ალამი.
ეს შენთვის მოზღვავდა ხალხი ნავსადგურზე,
შენთვის აფრიალებს ლენტის თაიგულებს,
აღსდექი, ო ,ჩვენო დიდების მედროშევ,
ხალხის სიყვარული შენთვის დაიგულე.
კაპიტანო! საყვარელო მამავ!
იქნებ მართლაც ზმანებაა ავი,
ჩემი მკლავი გიდევს სასთუმალად
და გემბანზე ასვენიხარ მკვდარი.
მაგრამ კაპიტანი ვერ გრძნობს ჩემს შეხებას,
ვერ გრძნობს შვილის მკლავებს უკვე მამის გული,
ბაგე გაფერმკრთალდა ,სუნთქვა შეაცივდა,
აღარც მაჯისცემა ისმის გაყინული.
გემმა ნავსადგური შეაღო თანდათან,
უვნებლად გაუძლო ათასგვარ განსაცდელს,
ჰა, ღუზაც ჩაუშვა, გრიგალიც ჩადგა და
მგზავრობა დასრულდა, ხიფათით აღსავსე.
იზეიმეთ ნაპირებო მარშით,
მე კი ახლა გლოვა მმართებს ჩუმი,
გემბანზე ხომ ჩემი კაპიტანი
ასვენია მკვდარი,გაყინული.
No comments:
Post a Comment