მიხაილ ლერმონტოვი 1814-1841წწ

***
აღარ გეტრფი, თუმცა ჩემში
სიზმრად დარჩა შენი სული,
ხატება კი, როგორც ეშხი
გაფერმკრთალდა შენისლული.

თუმც ახალი გრძნობა მართობს,
ძველ სიყვარულს ვეღარ ვფარავ,
უფლის სახლი მარად ტაძრობს,
კერპიც კერპად რჩება მარად.



***
სიცოცხლე მინდა! დარდით აღსავსე,
სიყვარულის და განცხრომის ჯიბრზე,
მათ ხომ მარიდეს ათას განსაცდელს,
მათ ხომ ათასგვარ ფათერაკს მიჯმნეს.

ვიცი,ამ ქვეყნად რისთვის მოვედი,
მალე გამწირავს ბედის თარეში,
ტანჯვის გარეშე რაა პოეტი,
ან ოკეანე ქარის გარეშე?

სიცოცხლე მინდა, წამების ფასად,
საკუთარ მხრებით, მსურს,ვზიდო ჯვარი,
ისე არავინ დაგადგამს დაფნას,
ისე დიდებით შეგმოსავს არვინ.


რატომ?

ვარ სევდიანი, ვარ მწუხარე, რადგან მიყვარხარ
და ვიცი, კარგო, დასაღუპად როგორ მიჰყავხარ
ხალხის მზაკვარ ხმებს, შენს სინორჩეს თან რომ დევნიან,
არ იბრალებენ ნათელ დღეებს, წამებს ვნებიანს.
მალე კაეშნით და ცრემლებით გაგხდიან სავსეს,
სევდიანი ვარ, ბედნიერს რომ შეგყურებ ასე.



ლოცვა

ჰე, ღვთისმშობელო, ნეტარო დედავ,
ხატის წინ მოსულს,კ რძალვა მაწვება,
მე მოწყალებას ვერ შემოგბედავ,
არც გთხოვ ომის წინ ხელის გაწვდენას.

სხვა სათხოვარი შეგკადრო მინდა,
ჩემი სულისთვის არ ვარ მოსული,
ო, ის ქალწული,ტურფა და წმინდა,
გყავდეს სიკეთით გარემოცული.

გთხოვ, შეივდრომე ვით წმინდა შვილი
და სათნო სული რწმენით დადაგე,
იყავ მოწყალე, მიეცი ტკბილი
ყმაწვილქალობა და სიჭარმაგე.

და თუ მოვიდა აღთქმული ვადა,
სულის და ხორცის განშორებისა,
გთხოვ, მიუვლინე მას ანგელოსი,
ზეციურ ფიქრთა შთაგონებისა.




სიზმარი

ვეგდე მარტოკა დაღესტანის უდაბნოს ხვატში
და ტყვიანაკრავს, დამცქეროდა მე მზე თაკარა,
ცხელ იარიდან სისხლის კვამლი ბოლავდა ცაში
და წვეთ-წვეთობით მაკლდებოდა სისხლი ანკარა.

ვიწექ ეული, არ ცხრებოდა საზარი დარი,
მზე წვავდა კლდეებს, ბუღი იდგა ცამდე ასული,
მეც მწვავდა სხივი, მაგრამ ვიწექ ქვიშაზე მკვდარი,
პირგამშრალი და დამაშვრალი, ფერგადასული.

და დამესიზმრა საოცნებო მხარე მშობელი,
ძვირფას პალატებს შეცქეროდნენ ქალწულთ თვალები,
მარად ლამაზნი, სილამაზე ჩაუქრობელნი,
ისხდნენ, ღიმილით მიგონებდნენ ტურფა ქალები.

მაგრამ ერთი კი ჩუმად იჯდა,განცალკევებით
და მათ საუბარს არც ისმენდა ჩაფიქრებული,
წაეღო სიზმარს სული მისი, უხმო ვედრებით
და ღმერთმა იცის, რას ფიქრობდა გული ვნებული.

და ეზმანა მას დაღესტანი, სხივთა კამარა,
ნაცნობი გვამი ისევ ეგდო შუადღის ხვატში,
მისი მკერდიდან გადმოჩქეფდა სისხლი ანკარა
და იარიდან სისხლის კვამლი ბოლავდა ცაში.

No comments:

Post a Comment